суббота, 5 января 2013 г.

ინსცენირებული სასამართლო

პროექტის მოკლე აღწერა: ინსცენირებულ სასამართლოზე მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრს, იმსჯელებენ არგუმენტირებულად , შეაფასებენ საგნებსა და მოვლენებს

პროექტის სრული აღწერა: ათწლეულების მანძილზე საქართველოში საბჭოური განათლების სისტემა ბატონობდა და ქართული განათლების განვითარებას მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია. იმპერიული აზროვნებისათვის დამახასიათებელი ტენდენციები ბატონობდა ყველა სფეროში,მათ შორის განათლების სისტემაში, რომელიც, სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე იდეოლოგიზირებული და ტრაფარეტული ხასიათისა იყო. ყოველივე ეს განსაკუთრებით საზოგადოებრივ მეცნიერებებზე აისახა, ყველეფერი საერთო იდეოლოგიურ სტანდარტს დაემორჩილა, არ არსებობდა დისკუსია, მსჯელობა , თავისუფალი შეფასება. არსებობდა მხოლოდ გაბატონებული აზრი, რომელიც ყველასათვის მისაღები უნდა ყოფილიყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანა იდეოლოგიური მარწუხებისაგან გათავისუფლდა, დროის მოთხოვნების კვალდაკვალ ცვლილებები განიცადა განათლების სისტემამაც. თანამედროვე მიდგომებით, სწავლა გულისხმობს  სწავლა გულისხმობს არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემას, არამედ  უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და გარემომცველი სინამდვილის მიმართ დამოკიდებულების განვითარებას. ინსცენირებული სასამართლო ღია შეკითხვის პრინციპზეა აგებული, შეკითხვებზე, რომლებზეც არ არსებობს ცალსახა პასუხი და მსჯელობისა და განხილვის საგანია. იგი დაეხმარება ბავშვებს არა მარტო ინფორმაციის შეძენაში, არამედ იმ უნარ- ჩვევების განვითარებაში, რომელთაც პრაქტიკული, ცხოვრებისეული ღირებულება გააჩნიათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ინერგება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და ეს თემა საზოგადოებივად აქტუალურია.

მიზანი: მოსწავლეები დაეუფლებიან პრობლემატიკურ საკითხებზე მსჯელობის უნარს და ჩამოუყალიბდებათ  სწორი დამოკიდებულება მოვლენებისა და ფაქტების მიმართ.

მონაწილეთა ასაკი : 9-12; 13-15.

ვადები: 6 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები: ინსცენირებულ სასამართლოზე ბავშვები მოირგებენ სასამართლოს მოქმედ პირთა როლებს და და გაასამართლებენ ისტორიულ პირებს, აქტუალურ თემებსა თუ მოვლენებს. პროექტი უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას , "განაჩენი" გამოტანილი იქნება საერთო აზრის გათვალისწინებით. პროექტი გულისხმობს წესდების შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს ღონისძიებათა ეფექტურად განხორციელებას

მოსალოდნელი შედეგები: ბავშვებს უვითარდებათ შეფასებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი, სწავლობენ არგუმენტირებულ მსჯელობას, დასკვნების გამოტანას, საკუთარი აზრის გამოხატვას, სხვისი შეხედულებების პატივისცემას

სამუშაო ენა : ქართული

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლე იკვლევს მოქალაქის როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ადამიანურ ურთიერთობებს; მსჯელობს მოქალაქის უფლებებზე, თავისუფლებებსა და კონსტიტუციურ მოვალეობებზე; განსხვავებულ ეპოქებში დამკვიდრებულ წესებზე, ნორმებსა და კანონებზე. ერთმანეთთან აკავშირებს სამართლისა და მორალის ნორმებს.

პროექტი ხორციელდება ისტორიისა და სამოქალაქო განათლების ფარგლებში

პროექტის ხელმძღვანელი: დავით ჩივაძე, დუშეთის რ.-ნის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი

პროექტის ელ-ფოსტაdachi133@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий